Home ადამიანები თუ შენ ახლა ამ პოსტს კითხულობ იცოდე რომ ,,

თუ შენ ახლა ამ პოსტს კითხულობ იცოდე რომ ,,

294
loading...

დეა გოშხეთელიანი

თუ შენ ახლა ამ ბლოგპოსტს კითხულობ და ხარ ძალადობის მსხვერპლი!

მინდა, ცხოვრებისეული პირადი გამოცდილებით მიღებული რჩევა მოგცე:

შეიძლება, დღეს შენს მეუღლეს არ მოეწონოს, რომ მოფერებით რაიმე საყვარელ სახელს დაუძახებ (რასაც აქამდე სულ ეძახდი ხოლმე), ან არ მოეწონოს ის, რომ გუშინ გაცივდი და სურდო გაქვს და საუზმის გაკეთება ვერ მოახერხე, ან ის, რომ ბავშვს არ დაახურე მაინცდამაინც დედამისის ნაჩუქარი ქუდი; ან თუნდაც ის, რომ ბავშვის გამო ღამენათევი იყავი და მასთან ერთად ვერ ისაუზმე – ამ “დანაშაულის” გამო კი გცემოს, ჩაგილურჯოს თვალი, ხელი, ფეხი ან სხეულის სხვა რომელიმე ნაწილი, გაგიტეხოს ცხვირი ან თმა ისე მოგჩიჩოს, რომ ცვენა დაგეწყოს… შეიძლება, ეს გააკეთოს მუშტებით, შიშველი ხელებით ან რაიმე საგნის დახმარებით, როგორც მოგერევა და როგორ ხასიათზეც იქნება, როგორც ჩათვლის, რომ “დაიმსახურე”…

შენ ბევრს იტირებ, ისტერიკაში ჩავარდები, შეიძლება პოლიციითაც დაემუქრო, მაგრამ ის უბრალოდ დაგცინებს… ან შეიძლება არც დაემუქრო და ვერც მიხვდე, რომ ეს ყველაფერი ძალადობა იყო… ჰოო, ვერც მიხვდე, რომ ჩალურჯებული თვალი და დალურჯებული სხეული ძალადობაა…

ამის შემდეგ გავა რამდენიმე, ან თუნდაც ნახევარი საათი, ის მოვა შენთან, ჩაგეხუტება, კოცნას მოგთხოვს და თბილად გაგესაუბრება. შეიძლება, მალამოებიც კი მოგართვას სილურჯეების დასაამებლად და ტკივილის შესამსუბუქებლად, ან შეიძლება ვარდების დიდი თაიგული გიყიდოს და საწოლთან დაგახვედროს დილას, რაიმე ძვირადღირებულ სამკაულთან ერთად… შემდეგ შეიძლება რესტორანშიც დაგპატიჟოს თქვენი “სიყვარულის” და “იდეალური ურთიერთობის” კიდევ ერთხელ აღსანიშნავად… და ფსიქოლოგიურად იმდენად მაღალფარდოვნად და აღმზრდელურად გაგესაუბროს, რომ თავი დამნაშავედ იგრძნო შენი “საქციელის” გამო, ბოდიში მოუხადო და პატიება სთხოვო იმისთვის, რაც “ჩაიდინე”.

თუ პროტესტი გექნება, შეიძლება შენი საყვარელი და გულზე გაზრდილი პატარა გოგონა ან ბიჭუნა გიხსენოს, თუ როგორ გაიზრდება დედასთან, რომელსაც სამსახური არ აქვს, ან მარტოხელაა, როგორ მოიწონებს ამ ფაქტს მოსამართლეე და სოც. სააგენტო, და რომ მას ბევრად მეტი შეუძლია მისცეს ბავშვს, ვიდრე შენ. ამ ბოლო ტაქტიკაში კი უეჭველად ჩაგჭრის და აუცილებლად მოუხდი ბოდიშს.

მინდა გითხრა, რომ თუ ასეა, ძვირფასო, შენ სწორედაც რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ყველაზე სულმდაბალი, მშიშარა და ლაჩარი ადამიანის მხრიდან, ვისაც კი ოდესმე შეხვედრიხარ.

შენი შვილი/შვილები ნამდვილად ვერ აღიზრდებიან მასთან უკეთეს გარემოში და ის ნამდვილად ვერ მისცემს მათ იმას, რასაც შენ. მინდა გითხრა, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდება ყველაზე მშიშარა სამართალდამცველებთან და ყველანაირად ეცდება, მოძალადედ გამოგიყვანოს შენ, შეიძლება ერთი-ორი სილურჯე “მიიხატოს” კიდეც დამამტკიცებელ საბუთად, ან მოიფიქროს ისეთი მდაბიო ხერხები, რასაც მისი შესაბამისი ფანტაზია გაწვდება… ფანტაზია კი მათ უკიდეგანო აქვთ, ოღონდ ბინძური და ბნელი…

მინდა, გითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა დააღწიო თავი ამ ყველაფერს მანამ, სანამ არ არის ძალიან გვიანი… მანამ სანამ კვლავ არ მოგაქცია თავის კლანჭებში და არ ამოგაცალა გონება და პიროვნება, გაგანადგურა მორალურად… ამით კი ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა თქვენს შვილს, რომელიც მას მხოლოდ სხვის დასანახად “უყვარს”, რადგან ასეთ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია!!!
და თუ შენ უკვე დაშორდი მას, მაგრამ ამას არ ამხელ და ჯერ კიდევ ოდნავ მაინც გაგკრავს გონებაში მასთან შერიგება, იმედი გაქვს, რომ ის გამოსწორდება, შეიცვლება, რომ შენი დაშორებით ჭკუა ისწავლა და ნანობს, დღეს კი ვარდები მოგართვა და დაჩოქილმა გთხოვა პატიება, – არა, საყვარელო, არ შეურიგდე! არ დაიღუპო თავი… მისი ცვლილება მხოლოდ ილუზიაა, რომელიც შერიგების შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთ თვეს გასტანს… მერე კი უარეს შედეგს მოგიტანს…

გგონია , რომ წასასვლელი არ გაქვს? რომ ბავშვს წაგართმევს? რომ მის გარეშე მართლაც არარაობა იქნები? რომ ლუკმა-პური არ გექნება და თავს ვერაფრით ირჩენ? რომ არავინ ზედ არ შემოგხედავს, რადგან “ოჯახდანგრეული” იქნები? რომ გიჟად შეგრაცხავს და სახალხოდ შეგარცხვენს? – ცდები! ეს მხოლოდ შენ გგონია ასე, რადგან მან დაგაჯერა, რადგან მან იმდენად დაიპყრო შენი პიროვნება და მორალი, იმდენად მოაქცია თავის ზეგავლენის ქვეშ, რომ თეთრი შავად, ხოლო შავი თეთრად დაგაჯერა, თავისი სურვილისამებრ.

იყო დრო, მეც მჯეროდა ამის!

გამოსავალი კი, როგორც დიდი ბრძოლის შედეგად აღმოვაჩინე, არსებობს!!! ეს გამოსავალი შენი ხმაა!!!

დააღწიე თავი ძალადობას დღეს, ამ წამს! და არასოდეს მიიხედო უკან! რადგან, მერწმუნე, ამის შემდეგ შენი ცხოვრება მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვლება!

loading...
გაზიარება